საქართველო 2021 წელს ექსპორტზე 100 მლნ ბოთლ ღვინოს გაიტანს

ახალი პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს მარკეტინგულ ხარჯს აუნაზღაურებენ, თუ ისინი საზღვარგარეთ შარშანდელთან შედარებით მეტ ღვინოს გაიტანენ
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. ქართველი მეწარმეები ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით ღვინის ბოთლების, საცობებისა და ყუთების შესაძენად, იუწყება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილება შევიდა. ცვლილების შედეგად ქართულმა ღვინომ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ღვინის ცნობილ მწარმოებელ თუ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის.
რთველი 2021: როგორ იღებენ ყურძნის მოსავალს კახეთში – ვიდეო
ხარისხიანი ქართული ღვინის ექსპორტის გასაზრდელად მთავრობამ სხვადასხვა ნაბიჯი გადადგა. კერძოდ, დაიწყო საგრანტო თანადაფინანსება მარკეტინგული ღონისძიებების გასაფართოებლად.
პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს აუნაზღაურებენ მარკეტინგულ ხარჯს (გარდა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული მარკეტინგული ხარჯისა), თუ ისინი შარშანდელთან შედარებით მეტ ღვინოს გაიტანენ და მარკეტინგულ კამპანიაზე მეტ თანხას დახარჯავენ.
კალენდარული წლის განმავლობაში თითოეული ბენეფიციარისთვის გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 600 ათას ლარს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის რვა თვეში საქართველომ 59 ქვეყანაში 65 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა, რაც 19%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორი რუსეთია.
საქართველოდან ღვინის ექპორტი 380-ზე მეტმა კომპანიამ განახორციელა
მთლიანობაში, 2020 წელს ქვეყნიდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 92,4 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. ექსპორტს 376 კომპანია ახორციელებდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „შეღავათიანი აგროკრედიტია“, რომელიც ფერმერებისთვის დაბალპროცენტიანი მიზნობრივი კრედიტების გაცემას ითვალისწინებს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ წყალობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში მობილიზებულია 300 მილიონ ლარზე მეტი.
პროექტში ჩართულია 10 კომერციული ბანკი და ოთხი სალიზინგო ორგანიზაცია.
საწარმოო, გადამუშავებისა და პროდუქციის შენახვის პროცესების გასაუმჯობესებლად წელს გაიცა 3,9 ათასი კრედიტი 880 მილიონი ლარის ოდენობით. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 11,4 მილიონ ლარს აღემატება.