თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. კახეთში მეხუთედ მუსიკალური ფესტივალი Jazz and Wine Kakheti 16 ოქტომბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება იტალიური ჯგუფი Rudy Valentino e i Baleras-ის კონცერტი.
სპეციალურად ფესტივალისთვის ქართველმა, ამერიკელმა, პოლონელმა და იტალიელმა მუსიკოსებმა შექმნეს პროექტი UNITED PIANIST. მასში მონაწილეობენ ამერიკელი ჯაზ პიანისტი დენი გრისეტი, პოლონელი პიანისტი მიხალ ტოკაი, იტალიელი ჯაზმენი რობერტო ტარენცი და ქართველი პიანისტი პაპუნა შარიქაძე.
სტუმრების განწყობაზე ასევე იზრუნებენ DJ Maestro & Susanne Alt (ნიდერლანდი).
მცირე მეღვინეობები ტრადიციულად გამართავენ ღვინის დეგუსტაციას სტუმრებისთვის ჯაზ-მუსიკის ფონზე. იტალიელმა მზარეულებმა მაურიციო სიცილიანომ და ემანუელა კარლიმ დაგეგმეს კულინარიული შოუ, სადაც სტუმრებს უნიკალური რეცეპტებით მომზადებულ კერძებს შესთავაზებენ.
ფესტივალი ჩატარდება კოვიდ- რეგულაციების სრული დაცვით სასტუმრო Radisson Collection Tsinandali Estate Georgia-ში.
ფესტივალი Jazz and Wine კახეთში 2017 წლიდან იმართება. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში ტარდებოდა, ბოლო ორ სეზონზე გადაწყდა, რომ ის ერთდღიანი ყოფილიყო.