იარაღის არსენალი თბილისში: დაკავებულია ხუთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით თბილისში ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში სხვადასხვა დროს დააკავეს. მათი ასაკი 29-დან 43 წლამდე მერყეობს.
გამოძიების მიხედვით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ „ჩეზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ათი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე დაკავებულია პირი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღებს ყიდულობდა, იფორმებდა თავის სახელზე, შემდეგ კი იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერს შლიდა და სხვადასხვა პირებზე მათ მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ახდენდა. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის რვა ცეცხლსასროლი იარაღი, სამი სანადირო თოფი, რვა მჭიდი, 5 ათასზე მეტი სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და მის სახელზე გაცემული იარაღის 72 სარეგისტრაციო მოწმობა ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტი, ცხრა ვაზნა და ერთი მჭიდი ამოიღეს.
იარაღის შენახვა-გადატანის წესები შეიცვალა: დამტკიცებულია ახალი რეგულაციები
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი პირის (მათ შორის ერთ-ერთი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება) პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, A.T.C MOD 5-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და ხუთი საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.