გეგმური ოპერაციების დაფინანსება 1 ოქტომბრიდან განახლდება

ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვა მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას ეტაპობრივად განაახლებს.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება 1 ოქტომბრიდან განახლდება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
სახელმწიფოს მიერ გეგმური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს შეწყდა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო. აღნიშნული პერიოდიდან გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა შეჩერებული იყო გარდა გადაუდებელი ოპერაციებისა, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურებისა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 27 სექტემბერი
ამ ეტაპზე კი, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო 24 საათის მაჩვენებლით, ე.წ. დადებითობის დღიური მონაცემი 5%-ს ჩამოსცდა. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 663-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 607.155-ს მიაღწია. შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც (ბოლო 24 საათში – 27). ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 288 პირი.
მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა კორონავირუსის პანდემიის პირველი და მეორე ტალღის პერიოდშიც და ამ რეგულაციის მიზანი იყო დამატებითი საწოლების მობილიზება კოვიდ-ინფიცირებული პაციენტებისთვის.