თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ტყუპ ძმებს – ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს, რომლებმაც თითქმის 40 წელი ბაკურიანში მეხანძრე-მაშველებად იმუშავეს, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება მიენიჭათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიიღო.
ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლებს, რომლებსაც 60 წელი ახლახან შეუსრულდათ, სამსახურში ბოლო სამუშაო დღე 23 სექტემბერს ჰქონდათ.
„ძმები 38 წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მსახურობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელმაც ძმებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.