თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ პირველ სტუდენტებს ნოემბერში მიიღებს, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
აგრარული კოლეჯი ითვალისწინებს კადრების მომზადებას მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით. პროგრამების სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ კოლეჯის ტერიტორიაზე არსებულ შვეიცარიული სტანდარტის შესაბამის ყველის თანამედროვე ქარხანასა და მეცხოველეობის ფერმაში. კოლეჯში, რომლის კამპუსი 30 ადამიანზეა გათვლილი, ამჟამად 10 სტუდენტი ირიცხება.
ახალ პროფსასწავლებელში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი სასწავლო დაწესებულებები ახალგაზრდებს მეტად დააინტერესებს სოფლის მეურნეობით და ეს ხელს შეუწყობს აგრარულ სფეროში ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას.
შვეიცარიული სტანდარტის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც საქართველოსა და შვეიცარიის ინვესტიციებზე აიგო, მიზნად ისახავს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას მეცხოველეობის სფეროში. სასწავლო პროგრამა პროექტის მთავარი პარტნიორის, შვეიცარიული აგრარული სკოლა „პლანტაჰოფის“ მიერ არის შემუშავებული და თეორიული და პრაქტიკული სწავლების 3-წლიან კურსს მოიცავს.
პროექტი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან და ფერმერთა ასოციაციასთან.