თუშეთში ჩარჩენილი მოქალაქეების ვერტმფრენებით გადმოყვანა გრძელდება

გზის დაზიანების გამო მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა და ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით თუშეთიდან 100-მდე მოქალაქე, მათ შორის უცხოელი ტურისტები ბარში ჩამოიყვანეს, ნათქვამია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, მოქალაქეები თუშეთიდან თელავის აეროპორტში „მიმინო" გადმოიყვანეს. მოქალაქეებს ადგილზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დახვდა.
შიოშვილის თქმით, თელავში გადმოყვანილ მოქალაქეებს სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით მიკროავტობუსებით სხვადასხვა ლოკაციაზე გადაიყვანენ, რათა მათ თავიანთი დაგეგმილი მარშრუტები განაგრძონ.
ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთის გზა ჩაიკეტა
ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის სამი მონაკვეთი დაზიანდა. შედეგად, მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა და ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.
უამინდობის გამო ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს.
თუშეთში, უამინდობის შედეგად, ასევე დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც. მე-18 საუკუნის კესელოს ციხე კოშკის ერთი ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც, მათ შორის პანკისში, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი საყრდენი დააზიანა და სამი სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა იყო დარჩენილი.
თუშეთის გზა რთული რელიეფის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.