ფოთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზარალის დათვლის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა, აცხადებენ ფოთის მერიაში.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ფოთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოთში გუშინ ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, წააქცია ხეები, ზოგიერთი უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა
როგორც ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალა ურიგდება და გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება.
„ძლიერი ქარის შედეგად აჭარისა და ფიროსმანის ქუჩაზე დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წუხელვე მუნიციპალიტეტის ძალებით დროებით გადავხურეთ სახლები. დღეს მოვიტანეთ გადასახური მასალა, ვურიგებთ მოსახლეობას და ვეხმარებით გადახურვით სამუშაოებში",- განაცხადა ფოთის მერის მოადგილემ, მამუკა პაპასკირმა.
რამდენიმე დღეა უამინდობამ პრობლემები საქართველოს მასშტაბით შექმნა.