ტოჩინოშინი დამარცხდა - ქართველ სუმოისტს წარმატებამდე ერთი მოგება აშორებს

აკი ბაშოზე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე შვიდი გამარჯვება და შვიდი მარცხია. ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ბოლო შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება.
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ბაშოს მე-14 დღეს დამარცხდა.
ტოჩინოშინი, რომელიც აკი ბაშოზე მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, კირიბაიამას დაუპირისპირდა და შეხვედრა სოტოგაკეს ილეთით დათმო. სუმოისტებს შორის ორთაბრძოლა დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა, საბოლოოდ კი კირიბაიამამ ეფექტური გდებით იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა სუმოისტმა სექტემბრის სუპერტურნირი ცუდად დაიწყო, თუმცა სატურნირო მდგომარეობა მალევე გაიუმჯობესა, დღევანდელ შეხვედრამდე ლევან გორგაძეს ზედიზედ ხუთი გამარჯვება ჰქონდა.
ტოჩინოშინის ანგარიშზე მიმდინარე სუპერტურნირზე შვიდი გამარჯვება და შვიდი მარცხია. აკი ბაშოს ბოლო დღეს ქართველის მეტოქე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ლევანს დადებითი ბალანსის დაფიქსირებისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.