თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით სამეცნიერო კომიქსების კონკურსი გამოცხადდა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
განათლების სამინისტროს პროგრამის „მეცნიერების კალენდარი - 2021“ ფარგლებში კონკურსი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიამ გამოაცხადა.
საკონკურსო ნამუშევრების მიღება 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გამარჯვებულები 10 ნოემბერს გამოვლინდებიან. სამი საუკეთესო ნამუშევრის ავტორებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.
პირველი ადგილის მფლობელი 1,5 ათას ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასულს 1000 და მესამე ადგილის მფლობელს 700 ლარი გადაეცემა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=962
კონკურსის მონაწილეებისთვის 12 ოქტომბერს სამეცნიერო კომიქსების შექმნის თემაზე მასტერ-კლასი ჩატარდება, რომელზეც კონკურსანტები ჟანრის სპეციფიკას გაეცნობიან.
კონკურსის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები კრებულის სახით გამოიცემა.
კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაცია და მის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე სამეცნიერო კომიქსის ჟანრისა და სამეცნიერო თემების გააქტიურება ქართულ სალიტერატურო, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში.
მეცნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროექტ „მეცნიერების კალენდარი - 2021“-ის ფარგლებში უკვე ჩატარდა სამეცნიერო თემატიკაზე კონკურსები, მასტერ-კლასები, ლექციები და სხვა შემეცნებითი ღონისძიებები.