თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად აუცილებელია ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება, რათა ყველა სოფელსა და დასახლებულ პუნქტში მოქალაქეები ვაქცინის სარგებლის შესახებ დარწმუნდნენ.
„სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით. ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. უნდა მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ, რომ ვაქცინა არის დიდი სიკეთე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველი მიზანი წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა იყო, თუმცა „დელტა“ შტამის გავრცელების პირობებში აღნიშნული მაჩვენებელი საკმარისი ვერ იქნება.
„წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს მოსახლეობის 60 პროცენტი, რათა წლევანდელი ახალი წელი იყოს შედარებით ნორმალური, მაგრამ „დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტი. ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ უნდა გაგრძელდეს აქტიური იმუნიზაციის პროცესი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
24 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.715.073 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 963.663 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 751.410 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 26.3%. 23 სექტემბერს აიცრა 12.778 ადამიანი.