თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ძლიერმა წვიმამ გზები დატბორა, რის შედეგადაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. მაგალითად, წვიმის შედეგად ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია ვაჟა-ფშაველას გამზირზე. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების თანახმად, დატბორილია მზიურის პარკი, სადაც ბილიკზე წყლის ნიაღვარი მიედინება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, წვიმისგან გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების გამო „ცხელ ხაზზე“ შეტყობინებები შედის და აღნიშნულზე შესაბამისი რეაგირება ხდება.