ტიკარაძე – ჩვენი მოქალაქეები იქნებიან იმ სიკეთის მიმღები, რასაც ევროპელები იღებენ

ევროპის საბჭოს ახალი პროექტი შესაძლებელს გახდის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში იწყება ევროპის საბჭოს ახალი პროექტი „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“, რომელიც მოქალაქეთა სოციალური მომსახურების სრულყოფისკენაა მიმართული, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
პროექტის ონლაინ–პრეზენტაცია 23 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის დირექტორმა კრისტოფ პუარელმა გახსნა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველო სოციალურ კოდექსს მიიღებს – რას ითვალისწინებს იგი?>>>
ონლაინ–პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელმაც მოქალაქეთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოს მთავრობამ ბევრი გააკეთა ადამიანის შრომითი უფლებების განმტკიცებისთვის, თუმცა თავიდანვე იყო ცხადი, რომ საჭირო იყო გარკვეული დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები და მათი პრაქტიკაში განხორციელება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, 2013 წელს შრომის კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება – დაიცვას პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, აგრეთვე არსებულ კანონმდებლობაში დაზუსტდა შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების ცნებები და სხვ.
პარლამენტმა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
როგორც ტიკარაძემ განმარტა, საქართველომ, როგორც ევროპის სოციალური ქარტიის წევრმა ქვეყანამ, აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, უმაღლესი და პროფესიული განათლების და სხვა საკითხებთან.

„ყველა ის მიმართულება, რასაც ევროპის საბჭოს ახალი პროექტი ისახავს მიზნად, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის, ვინაიდან შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ამ პროცესის უაღრესად აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სოციალური კოდექსი, რომლის პროექტის პრეზენტაციაც ჯანდაცვის უწყებამ ივნისში გამართა, და ევროპული საბჭოს ახალი პროექტი შესაძლებელს გახდის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს.
სოციალური კოდექსი – ეს არის ევროპული სახელმწიფოების მონაპოვარი და ღირებულება. მას ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი გერმანიაში, რის შემდეგაც ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც გავრცელდა.
სოციალური კოდექსით გამყარებული იქნება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა: დასაქმებისა და სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესება, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების, მოწყობის და რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესება, მედიკამენტების ხარისხის ხელმისაწვდომობის ზრდა და ა.შ.