თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე საუბრის თემა მხოლოდ ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო იყო, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
კობახიძის თქმით, დიპლომატებთან შეხვედრაზე არ უმსჯელიათ არც შარლ მიშელის შეთანხმებაზე და არც დიპლომატების ფარულ მოსმენებზე, რომელსაც, მასმედიაში გამოჟონილი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა.
„ასეთი შეხვედრები იმართება ყოველი არჩევნების წინ, სადაც პარტიებს აქვთ საშუალება, რომ ელჩებს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია და ხედვა გააცნონ. ზოგადად, ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და ინფორმაცია ელჩებს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და მათი მხრიდან დაისვა რამდენიმე კითხვა, დაახლოებით სამი–ოთხი. საქმე ეხებოდა საარჩევნო გარემოს. რაც შეეხება ჩანაწერების თემას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ამ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი არც შარლ მიშელის დოკუმენტზე და არც ჩანაწერებზე, რომელიც რამდენიმე ტელევიზიამ „გამოაგდო“, – განაცხადა კობახიძე.
თუმცა, შეხვედრაზე რომ დასმულიყო კითხვები ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, დიპლომატებს ვურჩევდით, რომ დაწვრილებითი ინფორმაცია გაეგოთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჟურნალისტებს მსგავს ინფორმაციებს აწვდიან, დასძინა კობახიძემ.
ოთხშაბათს, 22 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ბრიუსელს კითხვები გაუჩნდა საქართველოს მხრიდან ვენის კონვენციის პრინციპების ერთგულების თვალსაზრისით, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს.
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში ორგანიზაციის ოფისში დიპლომატების ფარული მიყურადების საკითხის განსახილველად დაიბარეს.
ოპოზიციურმა ტელეარხებმა გასულ კვირაში დიპლომატების გაშიფრული საუბრები გამოაქვეყნეს. როგორც ვარაუდობენ, ფარულ მიყურადებას ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა. ამ ჩანაწერებში მოხვდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და ერთ-ერთი მისი თანამშრომლის საუბარიც 2020 წლის მარტში, როდესაც ისინი მსჯელობენ ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე და პანდემიის დროს მასობრივი რიტუალების ჩატარებაზე.