თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიასა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შორის ლამის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტი დმანისში „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებას მოჰყვა. მელიას თქმით, კობახიძე და მისი თანაპარტიელები „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებენ, თითქოს მათ თავად დაჭრეს საკუთარი მომხრეები.
„შენ ხარ ბიძინა ივანიშვილის მონა. შენ თავად გჯერა იმის, რასაც ამბობ? შენ არც სინდისი, არც ნამუსი არ გაგაჩნია. შენ ღირსეულ პასუხს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებ“, – მიმართა მელიამ კობახიძეს.
პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გააშველეს. თავის მხრივ, კობახიძემ მელიას მოქმედებას პროვოკაცია უწოდა.
„ეს არის მაგალითი, თუ როგორ აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირალა და ბინძური ხალხი. ნიკა მელია პროვოკატორია“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან და შემთხვევის ადგილი დატოვა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.