პატარა სანდროს ნატალია ქუთათელაძე თვის ბოლოს ელოდა, თუმცა ბიჭუნა ღვთისმშობლის შობას, 21 სექტემბერს დაიბადა. წინა დღეებში ნატალიამ წინანდლის ფესტივალზეც კი იმღერა. ირკვევა, რომ 21 რიცხვი მომღერლის ოჯახისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ 21 რიცხვში არიან დაბადებული ნანი და ნატალიაც. ახლა უკვე მათ პატარა სანდროც შეუერთდა.
როგორც ნანი ბრეგვაძე „პრაიმტაიმთან“ ჰყვება, ვაჟის დაბადებას ნატალიას მეუღლე აჩიკო ჯაფარიძე დაესწრო. სანდროს დიდი ბებიის თქმით, ნატალიას ორსულობა კარგად მიმდინარეობდა, წონაშიც მინიმალურად მოიმატა და მშობიარობაც უპრობლემო ჰქონდა, რის გამოც უფლის დიდი მადლობელია.
მომღერლის თქმით, მისი წინაპრები ყველა კარგად მღეროდა, ასევე კარგად მღეროდა ნატალიას მეუღლის ბაბუაც, რომელსაც კარგად იცნობდა. თუმცა სანდრო იმღერებს თუ არა, ჯერ მაინც არ იცის, რადგან ნატალია ამბობს, „მეტი საქმე არ მაქვს, ვამღეროო“.
„არც მე ვფიქრობდი მომღერლობას, ფორტეპიანოს ხაზს მივყვებოდი, მაგრამ მერე ღმერთმა სწორ გზაზე დამაყენა. უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის. ღმერთი ჩემთან არის და კარგი ბავშვი გვაჩუქა. ეს ჩემი პირადი ბედნიერებაა. ისე კი, ბოლო პერიოდში ბევრი ახლობელი დავკარგე, საკონცერტო განწყობა ნამდვილად არ მაქვს. ნერვები მეშლება იმაზე, რომ ვაქცინაციაზე კიდევ ხვეწნა გვჭირდება. ვბრაზობ. გამოფხიზლდით და აიცერით. აი, ამაზე ვდარდობ“, – ამბობს ლეგენდარული მომღერალი.