თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ამერიკელმა მსახიობმა უმა თურმანმა განაცხადა, რომ 15 წლის ასაკში აბორტი გაიკეთა. ამის შესახებ მსახიობი Washington Post-ში გამოქვეყნებულ ესეში წერს, რომელშიც ტეხასში აბორტების აკრძალვას აკრიტიკებს.
უმა თურმანის თქმით, როდესაც მსახიობის კარიერა დაიწყო, 15 წლის იყო და შემთხვევით დაორსულდა მასზე ბევრად უფროსი კაცისგან. მაშინ ევროპაში ცხოვრობდა მშობლებისგან მოშორებით და არ იცოდა როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა მშობლებთან ერთად გადაწყვიტა აბორტი გაეკეთებინა.
„ახლა 51 წლის ვარ და ამ ამბავს გიყვებით სახლიდან, რომელშიც სამი შვილი გავზარდე. მოზარდობაში გაკეთებული აბორტი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს იყო გზა სიყვარულითა და სიხარულით სავსე იმ ცხოვრებამდე, რომელიც ახლა მაქვს“, – წერს უმა თურმანი.
2 სექტემბერს ტეხასში ამოქმედდა კანონი, რომელიც ორსულობის მეექვსე კვირის შემდეგ აბორტის გაკეთებას კრძალავს.