უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს – ფოტი შემთხვევის ადგილიდან

გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიჭრა მძღოლი, რომელსაც სამი ტყვია მოხვდა.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. უცნობმა პირებმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება РИА Новости უკრაინის შსს-ზე დაყრდნობით.
ინციდენტი კიევის მახლობლად მდებარე სოფელ ლესნიკში მოხდა, ავტომობილის მიმართულებით ავტომატიდან ათი ტყვია გაისროლეს, საიდანაც სამი მძღოლს მოხვდა.
პოლიტიკოსი არ დაშავებულა, იგი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

„ახლა დაშავებული (მძღოლი) რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაშია“, – წერს Страна.UA.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ–საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, მიმდინარეობს დამნაშავეთა დადგენა–დაკავების ოპერაცია.
შეფირი უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორია, რომელიც სტუდია Квартал 95-ის თანამფლობელია. ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება, მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.