თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ხელოვნების სასახლის განვითარების მიზნით, 400 კვ.მ-ზე მეტი ფართობის ისტორიული შენობა შეიძინა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ახალი შენობა საქართველოს ხელოვნების სასახლის მომიჯნავედ მდებარეობს. ისტორიული ნაგებობა მე-19 საუკუნეში ხელოვნების სასახლის (გრაფ ოლდენბურგის რეზიდენციის) ნაწილს წარმოადგენდა და სამინისტრომ ის ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდიას შუამდგომლობით კერძო პირისგან შეიძინა.
„მასში განთავსდება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ის კოლექციები, რომლებიც ორი წლის წინ ხელოვნების სასახლეს გადაეცა, მაგრამ მათი შენახვისათვის დღემდე სპეციალური და უსაფრთხო სივრცე არ არსებობდა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კოლექციებს შორისაა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაში 1911 წლიდან არსებული უნიკალური ქსოვილის, ასევე ვერცხლის ფონდები.
შენობის შესაძენად თანხა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2021 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან, კერძოდ კი - „კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის პროგრამიდან“ იქნა გამოყოფილი.
სამინისტროს ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 16 აგვისტოს გაცემული დასკვნის თანახმად, აღნიშნული შენობა შეფასებულია 410 ათას აშშ დოლარად, ხოლო შენობის მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, მისი შეძენისას გადახდილ იქნა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები თანხა.
შენობის რეაბილიტაცია 2022 წელს არის დაგეგმილი, რის შედეგადაც სრულფასოვან სამუზეუმო სივრცედ ჩამოყალიბდება.
ხელოვნების სასახლე, ანუ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. შენობა 1926 წელს ცნობილი არქიტექტორის პაულ შტერნის პროექტით აიგო.
მუზეუმი თბილისის ისტორიული უბნის ძველ სახლში რამდენიმე სართულს იკავებს. ფართო დარბაზებში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები, რომლებიც საქართველოს კინოს, თეატრს, კულტურას, მუსიკასა და ქორეოგრაფიას უკავშირდება.
აქ განთავსებულია 200 000-ზე მეტი ექსპონატი, რომლებიც მოგვითხრობს ქართული ხელოვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ, ასევე ისტორიული აფიშები, თეატრალური კოსტიუმები, რომლებითაც გამოდიოდნენ ცნობილი ქართველი არტისტები, მემორიალური ნივთები, ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალები, კინოფირები და მრავალი სხვ.