დიპლომატების ფარული თვალთვალის სკანდალი: საგარეო უწყებამ კარლ ჰარცელს უპასუხა

საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება მოუწოდებს ბრიუსელს, დაელოდოს გამოძიების შედეგებს.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან და შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოპოზიციურმა ტელეარხებმა გასულ კვირაში დიპლომატების გაშიფრული საუბრები გამოაქვეყნეს. როგორც ვარაუდობენ, ფარულ მიყურადებას ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა. ამ ჩანაწერებში მოხვდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და ერთ-ერთი მისი თანამშრომლის საუბარი 2020 წლის მარტში, როდესაც ისინი მსჯელობენ ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე და პანდემიის დროს მასობრივი რიტუალების ჩატარებაზე.
სკანდალი დიპლომატების მიყურადების საქმეზე ბრიუსელამდე მივიდა
ოთხშაბათს ჰარცელმა განაცხადა, რომ ბრიუსელს კითხვები გაუჩნდა ვენის კონვენციის პრინციპების ერთგულების თვალსაზრისით, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში ორგანიზაციის ოფისში დიპლომატების ფარული მიყურადების საკითხის განსახილველად დაიბარეს.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის მასალების ავთენტიკურობის, მათი წარმომავლობის დადგენის კუთხით, ამიტომაც მნიშვნელოვანია ყველა დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ვიდრე მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარ ფაქტებად კვალიფიცირებას მოახდენს.
„აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ქართველი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა 13 სექტემბერს გაავრცელეს. მასმედიის მონაცემებით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
საქართველოს პროკურატურამ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევის მუხლით 14 სექტემბერს დაიწყო. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.
ფარული თვალთვალის საქმე: საქართველოს პროკურატურამ დახმარებისთვის უცხოეთს მიმართა
ვენის კონვენცია, ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ხელშეკრულება დიპლომატიური სამართლის სფეროში, მიღებულია ვენაში საერთაშორისო კონფერენციაზე 1961 წელს. კონვენცია არეგულირებს დიპლომატიური სამართლის ყველა ძირითად საკითხს: დიპლომატიური წარმომადგენლობების სახეობებსა და ფუნქციებს, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურას, ასეთი მისიების ხელმძღვანელთა კლასებს, დიპლომატიური იმუნიტეტის ცნებას. კონვენცია შედგება 53 მუხლისგან და ასევე მოიცავს ორ არჩევით პროტოკოლს.