ნიკა კვარაცხელია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ნიკა კვარაცხელიას მამამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხა.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. ცნობილი „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს.
ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, გია კვარაცხელია სამგლოვიარო ცერემონიაზე ჩამოსვლას გეგმავდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხა.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, მათ დანაშაულის ჩადენისთანავე დატოვეს ქვეყანა.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდებულების მიმართ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რომ მათ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს. ამაზე მეტყველებს მოწმეთა დაკითხვები, ჩხრეკის ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილებმა დანაშაულის ჩასადენად სპეციალურად შეიძინეს იარაღი და ვაზნები, ასევე ვინმე ნინო ბერიძისგან იქირავეს Hyundai-ს მარკის ავტომობილი.
„მალე ქორწილს გეგმავდნენ...“ – მოკლულ ნიკა კვარაცხელიას საცოლე ჰყავდა
გამოძიების ვერსიით, 15 სექტემბერს, 16 საათსა და 20 წუთზე გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მივიდნენ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნიკოლოზ კვარაცხელია იყო პირად საქმეზე. კავილაძემ კვარაცხელიას ახლოს გააჩერა მანქანა. კავილაძე დარჩა საჭესთან, ხოლო ალეკო ჭელიძე მივიდა კვარაცხელიას მანქანასთან და დაელოდა მას. როცა კვარაცხელია დაბრუნდა, ჭელიძემ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე ესროლა კვარაცხელიას.
პროკურორის თქმით, კვარაცხელია შეეცადა ჭელიძისგან გაქცევას, თუმცა ჭელიძე მას გაეკიდა და ისევ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები. ნიკა კვარაცხელიას ათი ტყვია ესროლეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად). დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.