კოვიდ-კლინიკებში საარჩევნო სპეცუბნები გაიხსნება

იმ კლინიკებში შექმნილ სპეცუბნებზე, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, არჩევნების ჩასატარებლად საგანგებო საარჩევნო ჯგუფები შეიქმნება
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში ადგილობრივ არჩევნებზე კოვიდ-კლინიკებში სპეცუბნები გაიხსნება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
კალანდარიშვილის თქმით, ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ცესკომ გადაწყვიტა, 73-ვე საარჩევნო ოლქში თითო-თითო სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნება იმისათვის, რომ კორონავირუსის გამო კლინიკებსა და კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
თბილისის მერობის კანდიდატების დებატები სკანდალით დაიწყო
ცესკოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კომისიის წევრებმა განიხილეს სპეციალური საარჩევნო ჯგუფების შექმნის საკითხი, რომლებიც კლინიკაში არსებულ სპეცუბნებზე არჩევნებს ჩაატარებენ.
ცესკომ სპეციალური ჯგუფების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსიც გამოაცხადა.
საქართველოში ამ დროისათვის 23.976 აქტიური შემთხვევაა, აქედან 5.231 პაციენტი მკურნალობას კლინიკებში გადის, 966 პაციენტი კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 17.749 პაციენტი მკურნალობის კურსს საკუთარ სახლებში გადის.
კარანტინში რჩება 38 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში - 19.977.