თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. იმისთვის, რომ საქართველომ კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა აიცილოს თავიდან, წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 80% უნდა აიცრას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.
გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინაციის არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში ოქტომბრის ბოლომდე ვაქცინაციის მაჩვენებელი მხოლოდ 40-45%-ს მიუახლოვდება.
„ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. ამ დროისათვის ვაქცინაციის მხრივ თბილისი ლიდერობს. დედაქალაქში ვაქცინაციის პროცესმა უკვე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტი მოიცვა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით რეგიონებზე... ბოლო 24 საათში 7.720 აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ სერიოზულად საჭიროა ვაქცინაციის კიდევ მეტად სტიმულირება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოთქვა რისკ-ჯგუფებში შემავალ პირთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო.
გაბუნიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართვისა და კოვიდ-რეგულაციების დაცვისკენ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
20 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.655.040 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 947.477 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,2%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 707.563 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 24,8%. 19 სექტემბერს აიცრა 7.720 ადამიანი.