თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებს - მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს - ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, იუწყება „პირველი არხი“.
მმართველი პარტიის ლიდერები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, რა დროს მათთან ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან“ ნიკა ნარსია და მისი თანამოაზრე მივიდნენ და ხმამაღალი საუბარი დაუწყეს.
ინციდენტი სამართალდამცველებმა განმუხტეს და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილიდან გაარიდეს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის, თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.
არჩევნების წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ მთავარი ბრძოლა არჩევნებზე წარიმართება „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიას შორის. დანარჩენი პარტიები მხოლოდ სტატისტების როლს ასრულებენ და 5%-ზე მეტ ხმას ვერ მიიღებენ.