თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით მის სისხლსა და შარდში ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდა.
როგორც ირკვევა, მან ნარკოტიკის შემცველობაზე თმის ღერის ანალიზიც ჩაიტარა, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გახარიამ სამედიცინო დასკვნის ფოტო თავის Facebook-გვერდზე გვიან ღამით გამოაქვეყნა.
„თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში RUDOLFINERHAUS ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა“, – წერს გიორგი გახარია.
ამასთან, როგორც პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქვენის წამყვან ჰოსპიტალში RUDOLFINERHAUS 2021 წლის14 სექტემბერს. ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, ნათქვამია დასკვნაში.
დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის16 სექტემბერი.
ნარკოტესტის ჩაბარების ინიციატივით პირველად დედაქალაქის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გამოვიდა. ის მალევე სიტყვიდან მოქმედებაზე გადავიდა – თავად ჩააბარა და ყველა კანდიდატს მოუწოდა მისი მაგალითისთვის მიებაძათ. თბილისში ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით, კალაძე აბსოლუტურად „სუფთა“ იყო. თუმცა კალაძეს თავისი ტესტის პასუხი არ გამოუქვეყნებია.
როგორც გახარიამ ადრე განაცხადა, მან გადაწყვიტა, რომ ნარკოტესტი ავსტრიის ერთ-ერთ ავტორიტეტულ ლაბორატორიაში გაიაროს, ვინაიდან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. მედიამ მაშინათვე ივარაუდა, რომ საუბარია შესაძლო ყალბი შედეგების გამოქვეყნებაზე სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებების არსებობის შესახებ.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ განაცხადეს, რომ გახარია ნარკოტესტის ჩატარებას საქართველოში გაურბის, ვინაიდან მას რაღაც დასამალი აქვს. მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მას „კოკაინშიკი“ უწოდა.
კალაძის ინიციატივას მერობის სხვა კანდიდატებმა მხარი არ დაუჭირეს.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები, მათ შორის თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.