არჩევნები-2021: ცესკომ 100-ზე მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა

არჩევნების მსვლელობის დაკვირვების მიზნით ჩამოვლენ OSCE/ODIHR-ის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) და ევროკავშირის წარმომადგენლები.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 71 ადგილობრივი და 33 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ადგილობრივი ორგანიზაციებიდან რეგისტრაცია უკვე გაიარა ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელიც აკვირდება არჩევნებს და ოპერატიულად აქვეყნებს მასალებს წინასაარჩევნო კამპანიისას და კენჭისყრის დღეს მომხდარი დარღვევების შესახებ. მათ შორისაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მრავალეროვანი საქართველო“ და ა.შ.
გახარია და სააკაშვილი ერთ ბანერზე: წინასაარჩევნო ბრძოლა ქუჩებში გრძელდება
ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 33 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ შორისაა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და საარჩევნო კომისიები.
არჩევნების მსვლელობის დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვლენ OSCE/ODIHR-ის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) და ევროკავშირის წარმომადგენლები.
წინასაარჩევნო პროცესების და არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა ასევე 41 მედიასაშუალების 492-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა.
არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.