თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik.საქართველოში წლის დასაწყისიდან მოსახლეობის ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვრიდან ივნისამდე დაიბადა 21.839 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 25.821 ადამიანი.
მოსახლეობის მატების უარყოფითი მაჩვენებელი ფიქსირდება ყველა რეგიონში, აჭარისა და ქვემო ქართლის გარდა.
შობადობის მხრივ ლიდერობს თბილისი, სადაც დაიბადა 7.101 ბავშვი. მეორე ადგილზეა იმერეთი (2.769 ბავშვი), მესამეზე – აჭარა (2.556).
ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 123 ბავშვი, მცხეთა-მთიანეთში – 506 და გურიაში – 521.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, აქაც დედაქალაქი ლიდერობს. საანგარიშო პერიოდში თბილისში გარდაიცვალა 7.776 ადამიანი. მეორე ადგილზეა იმერეთი – 4.286 ადამიანი, ხოლო მესამეზე სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი, სადაც 2.501 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია 9.163 ქორწინება და 4.675 განქორწინება.
იანვარი–ივნისში ყველაზე მეტი – 2,5 ათასი ქორწინება დაფიქსირდა თბილისში, მაგრამ დედაქალაქი განქორწინების რიცხვითაც ლიდერობს – 1,7 ათასი.