ერთ-ერთი ბრალდებით მეგის ქარდავას უვადო პატიმრობა ემუქრება

უკრაინამ საქართველოს ქვეყნის სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა გადმოსცა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული რიგი დანაშაულების გამო.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მეგის ქარდავა რუსთავის №12 საპატიმროში მოათავსეს, სადაც ის სისხლის სამართლის ექვსი მუხლის მიხედვით განაჩენს დაელოდება. აქედან ერთ-ერთი მუხლი უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ქარდავა ექსტრადირებულია უკრაინიდან და ის კიევი–თბილისის სპეციალური რეისით საქართველოში პარასკევს ჩამოიყვანეს.
უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე მოითხოვდა, რომლებშიც ის ფიგურირებს როგორც ერთ-ერთი ბრალდებული. ხუთ დანაშაულზე მას უკვე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად, ხოლო ექვსი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. აქედან ერთ-ერთ საქმეზე ქარდავას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს ეხება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და წამებას, სასტიკ მოპყრობას, ადამიანის ღირსების შელახვასა და მორალური ტანჯვის მიყენებას დაკავებული ქალისთვის 2009 წელს.
„უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მ.ქ.-ს ექსტრადირების შესახებ და იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ დღეს უკრაინიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიციის საქმეში გაერო ჩაერია
ქარდავა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, მას მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა, ხოლო ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე – 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა.
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას გამოუტანეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების გამო ჩანაწერების საქმეზე, რომლებიც მიწაში ჩაფლულ კასრებში 2013 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის შემოგარენში აღმოაჩინეს. ამის გამო მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე 9 წლით პატიმრობა შეუფარდეს 2011 წელს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. კიდევ 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო.
გარდაცვლილი იპოვეს უკრაინელი მოსამართლე, რომელიც ქარდავას ექსტრადიციის საკითხს განიხილავდა
ქარდავამ სამშობლო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. მასზე ძებნა 2013 წელს გამოცხადდა. უკრაინაში ქარდავა 2017 წლის ნოემბერში დააკავეს, როდესაც ის უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი. სწორედ იმ დღიდან დაიწყო საქართველოში მისი ექსტრადიციის საქმის განხილვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქარდავა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
11 სექტემბერს თავად ქარდავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება შეუთანხმდა ქართულ მხარეს და მზადაა ის საქართველოს გადმოსცეს.