COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმოს წარმომადგენლები საქართველოს კლინიკების საქმიანობას სწავლობენ

საქართველოში ინფიცირებულთა მართვის პროტოკოლი მსოფლიოში იყო და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ, აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან და ქვეყანაში არსებული კლინიკების საქმიანობას სწავლობენ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ჯანმოს წარმომადგენლებს პროტოკოლთან დაკავშირებით, რომლითაც კლინიკები ხელმძღვანელობენ, შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
„მართვის პროტოკოლი კარგია. ახლა გადახედვა მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი შესაძლებლობები, რაც გამოჩნდა და მარეგულირებელი ორგანოს მიერ ჯერ არ არის დამტკიცებული, პროტოკოლში წინსწრებით ავსახოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მსოფლიო დღეს
ჯანმო: მსოფლიო COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებლით პლატოზე იმყოფება
საქართველოს პროტოკოლი მსოფლიოში იყო და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ, აღნიშნა ცერცვაძემ.
„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი. საზოგადოებისთვის მტკივნეულია 80, 70 გარდაცვლილი... მაგრამ ისინი არ უფიქრდებიან იმას, რომ ეს 60 და 80 გარდაცვლილი არის 60 ათასი ავადმყოფიდან. ისინი ამას არ ითვალისწინებენ და პროტოკოლზე ლაპარაკობენ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა სოციალურ ქსელში ჯანდაცვის უწყება უკვე დაადანაშაულა ინფიცირებულთა მართვის არასწორი პროტოკოლის გამო. მათი თქმით, პაციენტების დახმარება არაეფექტურია.
საქართველომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადაიტანა. ქვეყანაში გავრცელებული ინდური შტამის გამო მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიული აღმოჩნდა. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირდა 591 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, 556 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8.446 ადამიანი.