COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: სწავლის დასწრებით ფორმატში დასაწყებად სტუდენტების მეტი აქტიურობაა საჭირო

ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა როგორც სტუდენტებს, ასევე სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეების ოჯახის წევრებს. მისი თქმით, ეს სწავლის დასწრებით ფორმატში დაწყების ერთადერთი საშუალებაა.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის აცრის მაჩვენებელი სტუდენტების აცრის მაჩვენებელზე მეტია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ სტუდენტებს ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ამ ასაკის მოსახლეობის აცრა 17-18 პროცენტს შეადგენს. მიკვირს, რატომ არ გამოირჩევიან ჩვენი სტუდენტები მეტი აქტიურობით. თუ ჩვენ გვინდა დასწრებული სწავლა უნივერსიტეტებში, სტუდენტები უნდა გახდნენ ამის მაგალითი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სწავლის აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში გაგრძელება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელი ეტაპობრივად სტაბილურდება, რაც საშუალებას იძლევა სწავლა დასწრებით ფორმატში გაგრძელდეს.
„ყველანაირად გვინდა, რომ სწავლა რეალურ სივრცეში აღდგეს და ამაზე შემუშავებული გვაქვს ჩვენი ინდიკატორები. ერთ-ერთი ინდიკატორი არის სწორედ ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი უკვე 4%-თან ახლოსაა, თბილისში კი 5-6 პროცენტის ფარგლებშია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დასწრებული სწავლების აღდგენის აუცილებლობას. მან სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეების ოჯახის წევრებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდეს, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.