თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს XVI საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 18–24 სექტემბერს ოფლაინ–ფორმატში გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს 30 ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმეტური ფილმები. კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ გაიმართება, ასევე დაგეგმილია სემინარები და მასტერ-კლასები.
2021 წლის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკუსის პროგრამაში 9 ფილმი შევიდა:
„ბანდარ ბენდი“ – მანიჯე ჰეკმანი (ირანი), „უბოლსინი“ – ადილხან იერჟანოვი (ყაზახეთი/საფრანგეთი), „მდუმარე“ – პასკალ რაბატე (საფრანგეთი), „ჰასანის ვალდებულება“ – სემიჰ კაპლანოღლუ (თურქეთი), „შენ ვერ იხილავ ზამთარს“ – აბდოლრეზა კაჰანი (კანადა), „ევოლუცია“ – კორნელ მუნდრუცო (გერმანია/უნგრეთი), „მარტორქა“ – ოლეგ სენცოვი (უკრაინა/გერმანია/პოლონეთი), „ოთარის სიკვდილი“ – სოსო ბლიაძე (საქართველო/გერმანია/ლიეტუვა), „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“ – ალექსანდრე კობერიძე (საქართველო/გერმანია).
დოკუმენტური ფილმების სექციაში რვა ფილმი შევიდა: „1970“ – ტომას ვოლსკი (პოლონეთი), „ანამნეზი“ – კრის რაიტი და სტეფან კოლბე (გერმანია), „ატლანტიდა“ – იური ანკარანი (იტალია/საფრანგეთი/აშშ), „აივნის ფილმი“ – პაველ ლოზინსკი (პოლონეთი), „საჩუქარი“ – ვალენტინ სიდორენკო (რუსეთი), „ორმო“ – ანდრეი გრიაზევი (რუსეთი), „საულისა და რუბის ჰოლოკოსტს გადარჩენილთა ბენდი“ – ტოდ ლენდინგი (აშშ).
კატეგორიაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს ქართველი, გერმანელი, იტალიელი, ფრანგი, დანიელი, უნგრელი, ბელგიელი, ირანელი, ავღანელი, თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი, უკრაინელი, მაკედონიელი, სერბი, პოლონელი, ებრაელი და ჩინელი რეჟისორების 25 ფილმი.
საერთაშორისო კონკურსის მხატვრული ფილმების ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი ლანა ღოღობერიძეა, დოკუმენტურ ფილმებს შეაფასებს ვახტანგ გაბაშვილი–კუნცევი, მოკლემეტრაჟიან ფილმებს კი დავით ჯანელიძე.
არასაკონკურსო სექციაში „ოსტატების კოლექცია“ უჩვენებენ ლეო კარაქსის „ანეტს“, სერგეი ლოზნიცას „ბაბი იარი – კონტექსტს“, აპიჩატოპონგ ვერასეტაკულეს „მეხსიერებას“ და რომან ბალაიანის „ჩვენ აქ ვართ, ახლოს“.
სექციაში „ქართული პანორამა“ წარმოდგენილი იქნება კეკო ჭელიძის „მკვდარი სულების არდადეგები“, ბიძინა გოგიბერიძის „არსად წავალ“, რომანოზი & თორნიკე მზარეულას „გალერეა სტრატოსფეროში“, ვახტანგ კუნცევ–გაბაშვილის MSHT-15 ბედნიერების ანგელოზი“, ქეთი მაჭავარიანის „მზიური“, დინო გეთიაშვილის „მიამიტი“, სალომე ჯაშის „მოთვინიერება“.
ფესტივალზე ინდუსტრიულ პლატფორმაში „ალტერნატიული ტალღა“ 10 ქართული პროექტი იქნება წარმოდგენილი, რომელთა ავტორებსაც ელოდებათ სპეციალური ტრენინგები სცენარის დამუშავებასა და რეჟისურაში.
BIAFF –ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი
© FB/ Batumi International Art-House Film Festival
კინოფესტივალი გაიმართება კინოთეატრ Apollo-სა და ევროპის მოედანზე. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ფესტივალი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
BIAFF-ის მხარდამჭერები არიან ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის მთავრობა და სხვ.