უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა

11 სექტემბერს მეგის ქარდავამ თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება მის ექსტრადიციას ამზადებდა.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. უკრაინიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა.
მეგის ქარდავა კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს. ქარდავას აეროპორტიდან რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო.
ოთხშაბათს ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, უკრაინიდან საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის ექსტრადიციის საკითხს უახლოეს სამ თვეში გაერო განიხილავს.
საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიციის საქმეში გაერო ჩაერია
ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, 2013 წელს კი მასზე ძებნა გამოცხადდა. საქართველოში ქარდავას არაერთი დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მათ შორისაა წამება, სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და ა.შ.
უკრაინაში ქარდავა 2017 წლის ნოემბერში დააკავეს, როდესაც ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი. სწორედ იმ დღიდან დაიწყო საქართველოში მისი ექსტრადიციის საქმის განხილვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქარდავა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიციის საქმეში გაერო ჩაერია
საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. მას რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა. ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე კი პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.