თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
სისხლიანი გარჩევა, რომლის დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა მრავლობითი ჭრილობები მიიღო, გუშინ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა კვარაცხელიას მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრა გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს მუცლის, გულ-მკერდის, ზურგის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოებიც. მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა იტალიაში მცხოვრები ქართველი „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილია, მაგრამ ისიც აღინიშნება, რომ თავად ახალგაზრდას კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
ფაქტზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის მცდელობისა" და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების" მუხლებით აღიძრა.