გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში ჩააბარა

კახა კალაძის შემდეგ ნარკოტესტი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩააბარა, მაგრამ – უცხოეთში.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ნარკოტიკებზე ტესტის ჩასაბარებლად ავსტრიაში გაემგზავრა, იუწყება ქართული მასმედია.
გახარიას თქმით, ტესტის პასუხს გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა მისი გუნდი პასუხს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.
ნარკოტესტის ჩაბარების ინიციატივით პირველად დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე გამოვიდა. ის მალევე სიტყვიდან მოქმედებაზე გადავიდა – თავად ჩააბარა და ყველა კანდიდატს მოუწოდა მისი მაგალითისთვის მიებაძათ. თბილისში ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით, კალაძე აბსოლუტურად „სუფთა“ იყო.
„სუფთა ვარ": კალაძემ ნარკოტესტის პასუხი გაასაჯაროვა
კალაძის ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ოპონენტებში, რომლებმაც მოქმედი მერის წინადადებას „პოპულისტური“ უწოდეს. ოპოზიციურ პარტიებში განაცხადეს, რომ კანდიდატებს პრობლემები არ აქვთ ნარკოტესტის გავლასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მათი დღის წესრიგს არ შეესაბამება.
ასეთმა სურათმა კახა კალაძე გააოცა.

„ნამდვილად არ ველოდი ამ შედეგს. დარწმუნებული ვიყავი, ყველა კანდიდატი გამომყვებოდა ამ კამპანიაში და მაქსიმალურად ყველა ერთად შევძლებდით, რომ მეტი პოპულარიზაცია მოგვეხდინა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის კუთხით. სამწუხაროდ, ძალიან არასახარბიელო შედეგი მივიღეთ, გაუგებარი განცხადებები მოვისმინეთ“, – განაცხადა კალაძემ.

ტესტის უცხოეთში ჩაბარების თაობაზე გახარიას გადაწყვეტილების კომენტირებისას კალაძემ აღნიშნა, რომ გულწრფელად გული სწყდება, როდესაც გიორგი გახარიას ამ მდგომარეობაში ხედავს.

რატომ ავსტრია

როგორც გახარიამ განაცხადა, მან გადაწყვიტა, რომ ნარკოტესტი ავსტრიის ერთ-ერთ ავტორიტეტულ ლაბორატორიაში გაიაროს, ვინაიდან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. მედიამ მაშინათვე ივარაუდა, რომ საუბარია შესაძლო ყალბი შედეგების გამოქვეყნებაზე სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებების არსებობის შესახებ.
სიტუაციის შესარბილებლად კომენტარი გააკეთა გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.

„სამხარაულის ბიუროსთან ჩვენ ალბათ უახლოეს მომავალში გვექნება კონტაქტი. ისინი („ქართული ოცნება“) მიდიან ისეთ ზომებზე, რომ მე არ გამოვრიცხავ ბიუროსთან კომუნიკაციას. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ჩვენი პარტია და გუნდი ბიუროს არ ენდობა, არამედ იმაზე, რომ ისინი (ხელისუფლება) ავტორიტეტული ბიუროს დახმარებით გეგმავდნენ პროვოკაციას გახარიას წინააღმდეგ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

რამე აქვს დასამალი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ გახარიას რაღაც აქვს დასამალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გაართულებდა ნარკოტიკებზე ტესტის ჩაბარების პროცესს.

„ადამიანი თუ მართლაც არაფერს არ მალავ, რა პრობლემაა? ზოგადად, ნარკოტესტის ჩაბარება არის ძალიან ელემენტარული. მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს არის ვალდებულება ყველა საჯარო მოხელის და ყველა პოლიტიკოსის, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, გახარიას „საიდუმლო“ იცის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამაც, რომელმაც ტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველმა კანდიდატებმა მინიმუმ ხუთ პრეპარატზე უნდა ჩააბარონ ტესტი. ეს არის მორფინის ჯგუფი, მარიხუანა, ამფეტამინი, მეტადონი და ბუპრენორფინი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.