თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება დღეიდან დაიწყება.
დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი 2020 წლის 19 სექტემბრიდან ამოქმედდა. წელს პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.
სოციალური პროექტის ფარგლებში დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი, ფქვილი, შვრია, მაკარონი, ხილფაფა, ზეთი, კვერცხი, ჩაი, ყველი და რძე.
როგორც წესი, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საქართველოში 15 სექტემბრისთვის იწყება, მაგრამ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სწავლის დაწყება საბავშვო ბაღებში ჯერჯერობით 4 ოქტომბრამდე გადაიდო.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 3.221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კი დაავადებულთა რაოდენობამ 585 ათასს გადააჭარბა.