ფულადი გზავნილები: რუსეთი კვლავ ლიდერობს

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – 37,65 მილიონი დოლარი, რაც ფულადი გადარიცხვების 18,38%-ს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 11,2%-ით გაიზარდა და 204,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
აგვისტოში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 37,65 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 18,38%-ია. 2021 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 7,76%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
საქართველოში სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას რამდენჯერმე დაუთმო.
2021 წლის აგვისტოში მთლიანად ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 20,7 მლნ აშშ დოლარით (11,2%-ით) მეტი იყო 2020 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2021 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 27,4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18,7%-ით მეტია.