თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკული გამოცემა The Daily Beast-ის ჟურნალისტს მასპინძლობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ამ ონლაინ პლატფორმას ყოველთვიურად 27 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემაა აშშ-ში.
მოგზაური ჟურნალისტი ბენჯამინ კემპერი სტატიებს მოამზადებს როგორც The Daily Beast-ის, ასევე კულინარიული სამოგზაურო გამოცემა Saveur-ისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ.
პრეს-ტურის ფარგლებში ცნობილი ჟურნალისტი თბილისს, მცხეთას, შიდა ქართლში წედისს, გარიყულას, კახეთში დედოფლისწყაროს, თელავს, გურჯაანს, ვაზისუბანს და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს მოინახულებს, ეწვევა ღვინის მარნებს, სადაც ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ღვინოს დააგემოვნებს.
საქართველოს შესახებ ბენჯამინ კემპერის სტატიებს როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი მომხმარებელი გაეცნობა.