„შეწყდეს უკანონო თვალთვალი!“ – ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს

დემონსტრანტები ფარული მიყურადების წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურ რეჟიმში აპირებენ.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
დემონსტრანტებს ხელში ეკავათ პლაკატები ლოზუნგებით: „ისევ გვისმენენ“, „არ გავი-სუს-ებით“, „შეწყდეს უკანონო თვალთვალი“ big brother is watching you („დიდი ძმა გითვალთვალებს“) და სხვ.
ახალგაზრდების საპროტესტო აქცია
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია სუსის შენობასთან ერთი მოთხოვნით შეიკრიბა – რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს უკანონო თვალთვალი და მიღებული ინფორმაციით შანტაჟი. მისი თქმით, ისინი ბოროტი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ.
ახალგაზრდების საპროტესტო აქცია
ოპოზიციური ტელეარხების ეთერში ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი სასულიერო პირების ფარული მიყურადების შესახებ. მასმედიის მონაცემებით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეარხებს სუსის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. საუბარია რამდენიმე ასეული მღვდელმსახურის თვალთვალზე და 50 ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე.
საქართველოს პროკურატურამ უკვე დაიწყო ამ ფაქტების გამოძიება.