ირაკლი ქარსელაძე გორის მოსახლეობას 24-საათიან წყალმომარაგებას ჰპირდება

2025 წლის ბოლოს საქართველოს ყველა ქალაქის მოსახლეობა ისარგებლებს წყლით 24 საათის განმავლობაში, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. 2022 წელს გორის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნებიდან“ გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე.

„გორში 48.143 ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს კვერნაქის უბანში და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ მთელ გორს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. ისევე, როგორც 2025 წლის ბოლოს ჩვენი ყველა ქალაქის მოსახლეობა ისარგებლებს წყლით 24 საათის განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, წელს გორის 10 სოფელში დასრულდა წყალმომარაგების პროექტი და 14 ათას მოსახლეს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.
პროგრამა „განახლებული რეგიონები“ შიდა ქართლში: დაგეგმილი პროექტები
ირაკლი ქარსელაძის თქმით, გარდა ამისა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ორი თვეა მიმდინარეობს გორის ცენტრალური პარკის სრული, კაპიტალური აღდგენის პროცესი და ასევე სტალინის გამზირისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.
ასევე მიმდინარე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისტორიული სამეფო ქუჩა საინტერესო ადგილი იქნება როგორც გორის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა ოთხწლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/ტერიტორიის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.