91 წლის ბლოგერმა ლამარა აბჟანდაძემ ვაქცინირებულთა ლატარიაში მოიგო

პორტალ stopcov.lotto.ge-ზე გათამაშების შედეგები დღეს გამოქვეყნდა – გამოვლინდა 160 მოგებული.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის „აიცერი და მოიგე“ ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული 91 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძეა. ამის შესახებ აბჟანდაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
ლამარა აბჟანდაძე ერთ-ერთი პირველია, რომელმაც AstraZeneca-ს პრეპარატით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა.

„ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პირადობის ნომერი მომთხოვა და მალე მახარა – ბებო, 100 ლარი მოიგეო. ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი... ვინც აცრილები ხათ, შეამოწმოთ საიტზე მოიგეთ თუ არა“, – დაწერა ლამარა აბჟანდაძემ.

91 წლის აბჟანდაძემ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ და გათამაშებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია გუშინ დაიწყო, დღეს პირველი გათამაშება გაიმართა და შედეგები პორტალ stopcov.lotto.ge-ზე გამოქვეყნდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცნობილი გახდა ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი 160 გამარჯვებულის ვინაობა
StopCovid ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც 13 სექტემბრამდე სრულად ან ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებს, ისე იმ მოქალაქეებს, რომლებიც მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.
ლატარიის გათამაშებები ვებ-გვერდზე www.stopcov.lotto.ge ყოველდღიურად გაიმართება 12:00 საათზე, ყოველკვირეული – ორშაბათობით, 12:00 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება.
მოგების გადამოწმება ვაქცინირებულ მოქალაქეებს stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრით შეუძლიათ. მონაცემები ყოველდღიურად განახლდება.