აღმოსავლეთ საქართველოს ამინდის პროგნოზი უფრო ზუსტი გახდება

რადარის ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამ ეტაპზე მისი ტექნიკურ–სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. მოსალოდნელი ნალექის რაოდენობისა და ინტენსივობის უფრო ზუსტ დადგენაში ქართველ სინოპტიკოსებს კიკეთში დამონტაჟებული ახალი მეტეოროლოგიური რადარი დაეხმარება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მეტეოროლოგიური რადარის შეძენა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მოხდა. მისი ღირებულება 4,2 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. რადარის მწარმოებელია ცნობილი ფინური კომპანია VAISALA.
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: 13–19 სექტემბერი
ახალი მეტეოროლოგიური რადარის საშუალებით აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი ნალექების რაოდენობის დადგენა მოხდება, რაც სპეციალისტებს შესაძლო სტიქიასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების დროულად გაფრთხილების შესაძლებლობას მისცემს.
რადარის ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამ ეტაპზე მისი ტექნიკურ–სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
გასულ წელს ანალოგიური რადარი ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.