თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში ბელარუსი ქალის დაჭრისა და მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რაც ამ დილით მოხდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბულვარის ტერიტორიაზე 45 წლამდე მამაკაცმა 33 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მასმედიის ცნობით, ქართველმა მამაკაცმა და ბელარუსის მოქალაქემ ერთმანეთი დაახლოებით ხუთი დღის წინ გაიცნეს და მათ შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ამ დილით კი ქალი სავარჯიშოდ ბათუმის ბულვარში გავიდა, რა დროსაც მას მამაკაცმა ჭრილობები ცივი იარაღით ზურგის არეში მიაყენა.
დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რა გახდა კონფლიქტის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19–108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.