COVID-19 - ბოლო ცნობები

კალაძე: არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი არ დაიცავს წესებს

შესაბამისი სამსახურები მუნიციპალურ ტრანსპორტში რეგულაციების დაცვასა და გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე აქტიურად იმუშავებენ, განაცხადა თბილისის მერმა.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ტრანსპორტში რეგულაციები დაიცვან, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
დღეიდან, 13 სექტემბრიდან ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
კალაძემ აღნიშნა, რომ ყველა შესაბამისი სამსახური საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

„ტრანსპორტზე რეგულაციებს მაქსიმალურად დავიცავთ. არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. ძალიან დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ იკეთებდნენ პირბადეს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეეზღუდათ“, – განაცხადა კალაძემ.

ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვა 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო ვადა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.