თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებას ის პირებიც შეძლებენ, რომელებმაც ახალი კორონავირუსი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანეს, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ექვსი თვე აითვლება „კოვიდის“ ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ.
„არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებაზე, მაგალითად, კონფერენციებზე, ტრენინგებზე, სპორტულ შეჯიბრებებზე და ა.შ. დასასწრებად მოქალაქე ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის, ან 24 საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ COVID-19“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ამ დროისათვის საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური“ შტამის გავრცელებას უკავშირდება, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადვილად ვრცელდება. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვა მოქმედებს, მათ შორის, შეზღუდვები ეხება ღონისძიებების გამართვას.