თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის“ ბაქანი თავიდან ასაშენებელია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი იყო სადგურის ბაქანის სრულად გადახურვა, სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, ორი ლიფტის მონტაჟი და სპეციალური ბილიკების მოწყობა. მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა.
თუმცა, როგორც დღეს კალაძემ განაცხადა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს.
„ბაქანი მთლიანად თავიდან ასაშენებელია, აქვს პრობლემა, გვაქვს სამხარაულის დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომ საფრთხეს წარმოადგენს მისი რეაბილიტაცია. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
2019 წელს, სარეკონსტრუციო სამუშაოების დაწყებამდე, ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადგურ „გოცირიძეზე" მგზავრების გადაადგილება საშიშია, რადგან იქ არსებული ხიდის ერთ-ერთი საყრდენი ბოძი დაჯდა. თუმცა, როგორც მაშინ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" წარმომადგენელმა განაცხადა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ხიდი შეამოწმა და დაასკვნა, რომ ის მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
მეტროს სადგურის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიონ ლარს შეადგენდა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.