მსოფლიო დღეს

11 სექტემბრის ტერაქტი: აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა

11 სექტემბრის ტერაქტებთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც FBI-მ გამოაქვეყნა, პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით გასაჯაროვდა
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა პირველი საიდუმლო დოკუმენტი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების საქმეზე, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით გასაჯაროვდა.
2016 წლის 4 აპრილით დათარიღებული დოკუმენტი შედგენილია ბიუროს აგენტების და ლოს-ანჯელესში საუდის არაბეთის საკონსულოს თანამშრომლის საუბრების მიხედვით. კერძოდ, აგენტები ადგენდნენ მის კავშირებს ადამიანებთან, რომლებიც ლოგისტიკის კუთხით ეხმარებოდნენ თვითმფრინავების გამტაცებლებს - ნავაფ ალ-ჰაზმის და ჰალიდ ალ-მიდჰარს. ინტერვიუ 2015 წლის 12 და 13 ნოემბერს შედგა.
დოკუმენტი მოიცავს 16 გვერდს, სადაც ტექსტის ფრაგმენტების დიდი ნაწილი წაშლილია. კერძოდ, დოკუმენტიდან ამოღებულია უშუალოდ წყაროს სახელი, რომელიც ამერიკის მოქალაქეობას მოითხოვდა.
„გაკვეთილი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს“ - ზურაბიშვილი 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ
მანამდე ჯო ბაიდენმა თავისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იუსტიციის სამინისტროს და საქმესთან დაკავშირებულ სხვა უწყებებს დოკუმენტების რევიზიის ჩატარება და ექვსი თვის განმავლობაში მონაცემების გამოქვეყნება დაავალა.
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცა და კურსი ყველაზე ხალხმრავალი ადგილებისკენ აიღეს.
ორი ლაინერი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, კიდევ ერთი - ვაშინგტონში პენტაგონის დასავლეთ ფრთას, მეოთხე კი პიტსბურგთან ჩამოვარდა.
11 სექტემბრის ტრაგედია გახდა ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. ოფოციალური მონაცემებით, ნიუ-იორკში დაიღუპა 2749 ადამიანი, ვაშინგტონში - 189, პენსილვანიაში - 44. ოთხი ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.