მსოფლიო დღეს

ქართველმა ქალმა ერაყში ოთხი კილო ოქრო და ორ მილიონ დოლარზე მეტი მოიპარა

პოლიციამ ფულის დიდი ნაწილი და ოქრო პატრონს დაუბრუნა, თუმცა ქურდი არ დაუკავებიათ, რადგან მან ერაყის ტერიტორია უკვე დატოვა.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა და მიიმალა, იუწყება „პირველი არხი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
შემთხვევა 6 სექტემბერს მოხდა.
შემთხვევა ერაყის ქურთისტანში, ქალაქ დაჰუკში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენის სახლში დამლაგებლად ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდა, სახლის ძარცვა 3 სექტემბერს სამ ადამიანთან ერთად დაგეგმა.
ბოროტმოქმედებმა ქურდობა იმ დროს განახორციელეს, როდესაც მეპატრონეები თავიანთ მეურნეობაში იმყოფებოდნენ.
სათვალთვალო კამერების გამო და ქალზეც ეჭვი რომ არ მიეტანათ, სახლში მისი ორი ნიღბიანი თანამზრახველი შევიდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრებმა დაბრუნების შემდეგ მძარცველების მიერ მოპარული ოქროს ნივთების ნაწილი ძირს დაყრილი იპოვეს.
სამდღიანი ჩხრეკისა და გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქართველი ქალი იბრაჰიმ ხალილის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში გაიქცა და თან 20 ათასი აშშ დოლარი გაიყოლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შემდეგ ქართველი ქალის გაუჩინარება ქურდობასთან მისი კავშირის ყველაზე თვალნათელი ნიშანი იყო.
„პრინცი“ გისოსებს მიღმა – უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
ბოროტმოქმედმა დანარჩენი ნაქურდალის ქვეყნიდან გატანა ვერ მოახერხა. პოლიციამ ფულის დიდი ნაწილი და ოქრო პატრონს უკვე დაუბრუნა.
ქართველ ქალთან კავშირის გამო გამოძიება 20 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, აქედან სამი უკვე დაკავებულია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური ქურდობა დაჰუკის ისტორიაში.