ცნობილი მომღერალი ნინო ჩხეიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც პირველი ორსულობა მუცლის მოშლით დამთავრდა. როგორც მომღერალი ამბობს, ეს ძალიან დიდი სტრესი იყო, შოკში იყო, მაგრამ მეუღლე გვერდში მაქსიმალურად დაუდგა.
„მაგრძნობინებდა, რომ მთავარი ჩემი ჯანმრთელობა იყო. საზოგადოებიდან ბევრმა არ დამინდო. დაიწყო საუბარი, რომ პირველი მუცელი რომ მომეშალა, შეიძლებოდა, საერთოდ ვეღარ დავფეხმძიმებულიყავი. ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, ჩემს ოჯახთანაც კი არ მისაუბრია. როგორღაც გავიარეთ, ვცდილობდი, არ შემემჩნია, რაც მოხდა და გულში ვფიქრობდი, რომ კიდევ მექნებოდა შანსი, დედა გავმხდარიყავი. მაგრამ დაიწყო: უი, მუცელი მოგეშალა? ვაიმე, არ მინდა გითხრა, მაგრამ აი, ჩემს ახლობელს მოეშალა პირველი და მერე აღარ გაუჩნდა ბავშვი“, - გაიხსენა ჩხეიძემ.
მისი თქმით, დაეწყო პანიკები, ოჯახიც დაძაბული იყო, ამ დროს გარშემო მყოფები აგრძელებდნენ სხვისი მძიმე გამოცდილებების გაზიარებას და შიში გაუჩნდა, რომ შესაძლოა, მართლა ვეღარ გავმხდარიყო დედა. რამდენიმე თვის შემდეგ, თურქეთში წავიდა დასასვენებლად და წმინდა მარიამის საფლავზე მოხვდა.
„იქ ამბობდნენ, რომ მოდიოდნენ უშვილოები, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები და ყველა იკურნებოდა. უფალს ძალიან ვთხოვე: ღმერთო, გეხვეწები, თუ შვილი მეყოლება, მარიამს მე დავარქმევ-მეთქი. არავისთვის არაფერი მითქვამს. რომ ჩამოვედი, ზუსტად ათ დღეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი“, - იხსენებს ნინო.
მომღერალი მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ მიაქევენ ყურადღებას სხვის სიტყვებს, სჯეროდეთ სასწაულის და ის აუცილებლად მოხდება.
ცნობილი ოჯახის თანაცხოვრება მრავალ წელს ითვლის. ნინოს და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს უმშვენიერესი მარიამი 2002 წელს შეეძინათ, სწორედ მაშინ, როდესაც მომავალი მომღერალი ჯერ კიდევ ტელე-ჟურნალისტიკის სპეციალობით სწავლობდა. 40 წლის მომღერალს შვილთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.