თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს 49 წლის შალვა მელიქიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ხუთშაბათს ხელყუმბარით შეიარაღებული მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, 13 პირი მძევლად აიყვანა და ფული მოითხოვა. მაგრამ მალე ყველა მათგანი გაათავისუფლა და პოლიციასთან არც ისე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩაბარდა.
ახლა ყოფილ მზარეულს ბრალი ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის მასალებს მის ადვოკატს ლეილა გარსევანიშვილს დღეს გადასცემენ.
„წარედგინა ბრალი და არ გამოუყენებია დუმილის უფლება. მან სრულად დაადასტურა გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება. სრულად სცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, მოინანია და ითხოვს გარკვეული შეღავათის გაწევას“, - განაცხადა გარსევანიშვილმა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა „თიბისი ბანკის“, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ.
მისი თქმით, ხელყუმბარა ნამდვილი იყო. ის მელიქიშვილმა 7 წლის წინ ალაზნის ჭალაში იპოვა.
„ხელყუმბარა ნამდვილია. მან განმარტა, რომ 7 წლის წინ ალაზნის ჭალაში იპოვა ჩანთა, რომელშიც იდო ხელყუმბარა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. როგორც მე გამიგია, ეს ასაფეთქებლები თევზჭერისთვის გამოიყენება. რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვერ გეტყვით, ეს სპეციალური კვლევის საგანია. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ის იმყოფებოდა თუ არა შეურაცხად მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენის დროს“, - განაცხადა ადვოკატმა.
სასამართლო სხდომა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ გაიმართება.
„საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.