თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ფრანგმა დამიენ ტარელმა, რომელმაც ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სილა გააწნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ არ ნანობს თავის საქციელს.
ივნისში საფრანგეთის სასამართლომ ტარელს ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდა. შაბათ დილით ის გათავისუფლდა. რადიოსადგურ France Bleu-ს მონაცემებით, ტარელი დაგეგმილზე ორი საათით ადრე გაუშვეს, რათა თავიდან აეცილებინათ ციხის შენობასთან ხალხის მასობრივი შეკრება და მედიის ზედმეტი ყურადღება.
„ამას არ ვნანობ... ბევრი მხარდამჭერი წერილი მივიღე. ვფიქრობ, მე ყველაფერს გავუძელი სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით, რომელსაც მე მიცხადებდნენ, და, მათ შორის, წიგნებს მიგზავნიდნენ“, - განუცხადა მან ტელეარხ BFMTV-ს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგია.
„მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ უმნიშვნელო ალიყური იყო, მე ვფიქრობ, მაკრონი მალევე მომჯობინდა“, - აღნიშნა ტარელმა.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ფრანგებს „ხმას არ აღებინებენ“ და ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ თვითგამოხატვის ერთადერთი საშუალება „დემონსტრაციებია“. მან ასევე აღნიშნა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მსვლელობაში სანიტარული საშვების წინააღმდეგ.
ივნისის დასაწყისში მაკრონი დრომის დეპარტამენტში ლიცეუმის მონახულების შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შესახვედრად გავიდა. მან ერთ-ერთ მამაკაცს მისალმების მიზნით ხელი გაუწოდა. საპასუხოდ მამაკაცმაც გაუწოდა ერთი ხელი, მეორეთი კი პრეზიდენტს სახეში გაარტყა. ამის შემდეგ ის დაცვამ ძირს დააგდო. მასთან ერთად დააკავეს ასევე ის მამაკაცი, რომელიც ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა. BFMTV-ს ინფორმაციით, ის გაათავისუფლეს და კვლავ დაიბარებენ სასამართლოში 2022 წელს იარაღთან დაკავშირებით, რომელიც მას ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა.
ალიყურთან დაკავშირებული ინციდენტი ერთხმად დაგმეს ფრანგმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა. თავად მაკრონმა განაცხადა, რომ არ არის საჭირო მომხდარის გაზვიადება და აღნიშნა, რომ ფრანგებთან შეხვედრებს გააგრძელებს.